• 22/03/2019
    MDF: საზოგადოებრივ მაუწყებელს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს


    თბილისი. მედიის განვითარების ფონდი (MDF) აქვეყნებს განცხადებას და თვლის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
    „უკანასკნელ დღეებში მედიის განვითარების ფონდის კვლევასთან დაკავშირებით მიმდინარე დისპუტში საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტურ მანიპულაციას მიმართავს და საკითხით დაინტერესებულ რესპონდენტებს უსვამს არაადეკვატურ, თითიდან გამოწოვილ კითხვას: მიაჩნიათ თუ არა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რუსული პროპაგანდის ნაწილი საქართველოში? მანიპულაციურ კითხვას, ბუნებრივია, მოჰყვება პასუხი, რომელიც ყველანაირად აცდენილია მიმდინარე დისპუტის ლოგიკას, რადგან:
    მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში არსად არ არის შეფასებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი პროდუქტი რუსულ დეზინფორმაციად;
    კვლევაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები („მოამბე", „ახალი კვირა"), ასევე თოქ-შოუები („კვირის ინტერვიუ", „აქტუალური თემა" მაკა ცინცაძესთან ერთად, „მოამბე" – დღის თემა) პირდაპირი გაშუქებისას, მეტწილად ნეიტრალურად ან პოზიტიურად აშუქებდნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემატიკას.
    მაუწყებელს შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, როდესაც საუბრობს მაუწყებლის ერთიან სარედაქციო პოლიტიკაზე მაშინ, როდესაც მონიტორინგის პერიოდში ნეგატიური გაშუქების ტონი მხოლოდ ერთი გადაცემის (42 პარალელი) შემთხვევაში გამოვლინდა; ხოლო ერთადერთი გადაცემა, რომელიც სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით კრემლის და საქართველოში კრემლისტური აქტორების გზავნილებთან რედაქციის პოზიციის ღია თანხვედრაზე საუბრობდა, კვლევაში ბექგრაუნდის სახით იყო მოყვანილი.
    ამდენად, საკითხის ამ სახით წარმოჩინება და შემდეგ საინფორმაციო კამპანიის ამ მანიპულაციაზე აგება, ვფიქრობთ, მიუღებელია", ნათქვამია განცხადებაში.
    წყარო: mdfgeorgia.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]