სამოქალაქო საზოგადოება გუშინ, დღეს, ხვალ...
 სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები, მისი წარსული, აწმყო და მომავალი – ეს ის საკითხებია, რომელზეც  ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, ქეთი ხუციშვილს ვესაუბრეთ.
 ესაუბრა ლალი შალვაშვილი
 
ქალბატონო ქეთი, „სამოქალაქო საზოგადოების", როგორც ტერმინის შესახებ, სხვადასხვა შეხედულება არსებობს, თქვენ როგორ განმარტავთ?

ქეთი ხუციშვილი – ტერმინი „სამოქალაქო საზოგადოება" ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გაჩნდა. არისტოტელე პოლისს მოიხსენიებდა „ასოციაციათა ასოციაციად" და შემდგარ ერთეულად თვლიდა, თუ მის ცხოვრებაში ყოველი თავისუფალი მოქალაქე იყო აქტიურად ჩართული. რაც შეეხება ტერმინის თანამედროვე გაგებას – იგი უფრო გვიან ჩამოყალიბდა,  მე–18 საუკუნის ფილოსოფოსების ადამ ფერგუსონის, თომას პეინის ტრაქტატებში და ბოლოს კრისტალიზდა მე–19 საუკუნის ფრანგი მოაზროვნის ალექსის დე ტოკვილის შრომებში. მან ამერიკაში მოგზაურობის შემდგომ დაწერა შრომა, რომელიც დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თემაზე  კლასიკად იქცა. თანამედროვე კონტექტსტში ტოკვილმა  პირველმა დაიწყო საუბარი, თუ რა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ადამიანს შორის არსებობდეს ინტერესების, საჭიროებების, საქმიანობის მიხედვით, თუ სხვა პრინციპით შექმნილი თავისუფალი ასოციაციები, რაც, მისი აზრით, ადამიანს იცავს პოტენციური დიქტატურისგან ან დესპოტიზმისგან, განაპირობებს პიროვნების თავისუფალ განვითარებას საზოგადოებაში და ამავე დროს აკავშირებს მას სახელმწიფოსთან.

სამოქალაქო საზოგადოების კონცეფცია მე-20 საუკუნეშიც განაგრძობდა განვითარებას და განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დემოკრატიზაციის ახალი ტალღა და საბჭოთა სისტემის რღვევა დაიწყო. 90-იან წლებში, ერთი მხრივ, აღმოსავლეთ ევროპაში შეიქმნა თავისუფალი ქვეყნები და მეორე მხრივ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში გაჩნდა პოტენცია თავისუფალი ქვეყნების შექმნისა. სწორედ ამ პერიოდში გამახვილდა ყურადღება სამოქალაქო საზოგადოებზე, როგორც უშუალოდ ამ ქვეყნებში, ასევე დონორ ქვეყნებში, რადგან დონორი ქვეყნებისთვისაც უფრო ადვილი და მისაღები იყო სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის დახმარების გაწევა, ვიდრე პოლიტიკური პარტიების ან სხვა ჯგუფებისთვის. ამავე დროს თავი იჩინა აღმოსავლეთ ევროპაში  ახალმა შეხედულებამ სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, კერძოდ, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ არის მხოლოდ სახელმწიფოსა და პიროვნების დამაკავშირებელი სივრცე, ეს არის ის, რაც იცავს პიროვნებას სახელმწიფოსგან და აძლევს მას საშუალებას უკეთ დაიცვას სხვათა უფლებები.

დღეს, როცა სამოქალაქო საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, ძირითადად, მეტ აქცენტს ვაკეთებთ უშუალოდ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, თუმცა სამოქალაქო საზოგადოება უფრო მეტია, ვიდრე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ტერმინის ირგვლივ კვლავ გრძელდება დისკუსია, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო 2-3 წლის მანძილზე, როცა ახლო აღმოსავლეთში, მაგ. ეგვიპტეში დაიწყო სოციალურ თუ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული დიდი მოძრაობა, რომელშიც საზოგადოების ფართო ჯგუფები ჩაერთო.  ახალმა დისკუსიამ დააყენა საკითხი – ზედმეტად ხომ არ დავიწროვდა ტერმინი და დონორებმაც ხომ არ მოახდინეს ზედმეტი აქცენტირება საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარებისა, მაშინ როცა ნაკლები ყურადღება მიექცა საზოგადოებაში სხვა ტიპის, ბუნებრივად წარმოშობილ მოძრაობებს. რა თქმა უნდა, ეს დისკუსია დღეს და ხვალ ვერ დასრულდება, ამას დიდი დრო სჭირდება. ჩვენთანაც საჭიროა ამ საკითხს ჩაღრმავებული განხილვა.

სამოქალაქო საზოგადოებისთვის საზოგადოებრივი ორგანიზაციები გარკვეულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რათა თავისი პოზიცია, შეხედულება წარმოაჩინოს და დაიცვან, ვისაუბროთ კიდევ რა როლს ასრულებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში.

ქეთი ხუციშვილი – საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ საზოგადოების განვითარებაში, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყნებში, რადგან ორგანიზაციები ორიენტირებულნი არიან კონკრეტულ საკითხებზე, ეს შეიძლება იყოს სოციალური, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის საკითხები, ისინი კონცენტრირებულად ცდილობენ მათ დამუშავებას, შესაბამის სფეროებში პოლიტიკის ნარკვევების შემუშავებას, ასევე ადვოკატირებას. ჩემი აზრით, ეს ყველა ფუნქცია და მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი საზოგადოება ვითარდება და განვითარება რომ რაციონალური იყოს, ის მთელი პოტენციალი, რაც დაგროვილია საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გამოყენებულ უნდა იქნას. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ის როლიც ეკისრებათ, რომ თავის წიაღში ჩამოყალიბებული იდეები, კონცეფციები, პოლიტიკის ნარკვევები მაქსიმალურად მიიტანონ ერთი მხრივ ხელისუფლებასთან, მეორე მხრივ, ფართო საზოგადოებასთან. პოლიტიკის ნაკრვევები, რომლებიც მიმართულია ამა თუ იმ სფეროს რეფორმირებასა და რაციონალურ დალაგებაზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის არა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში არის გათვალისწინებული. მაგრამ, როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ხშირად ორგანიზაციები მეტად ურთიერთობენ ერთმანეთთან, დონორებთან, ხელისუფლებასთან,  რიგ შემთხვევებში კრიტიკულად და პრინციპულადაც, მაგრამ ნაკლები კავშირი აქვთ ფართო საზოგადოებასთან. ხშირად ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე სოციალურ ჯგუფს, ან არ აქვთ პირდაპირი მჭიდრო კავშირი მათთან, ხშირად საზოგადოებრივი ორგანიზაცია შეიძლება ძალიან აქტიური იყოს, ან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდეს, მაგრამ ფართო საზოგადოებამ ნაკლები იცოდეს ამის შესახებ.

თქვენი აზრით, რა არის მიზეზი?  

ქეთი ხუციშვილი – უპირველესად, საზოგადოების უფრო ფართო ფენები უნდა ჩაერთონ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ დისკუსიებში, ისევე, როგორც თავად  საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში. ხშირად სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა და მიზანი სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა და როდესაც აქტივობის გაზრდაზე ვსაუბრობთ, უფრო მეტი ურთიერთქმედება უნდა იყოს საზოგადოების ფართო ფენებთან. რა თქმა უნდა, ამის რეცეფტი არ არსებობს.

მაინც ჩაგეკითხებით, რატომ ვერ ხერხდება საზოგადოების უფრო ფართოდ ჩართვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში?

ქეთი ხუციშვილი –  მიზეზი სხვადასხვაა. ერთი, რომ ყოველ მოცემულ მომენტში ხელისუფლებასაც არ აქვს დიდი ინტერესი, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ადვილად და პირდაპირ მივიდეს საზოგადოების ფართო ფენებთან, მეორე – საზოგადოება უფრო ეკონომიკური, სოციალური საკითხებით ინტერესდება, ვიდრე ვთქვათ ადამიანის უფლებებით, დემოკრატიის განვითარებით, ეკოლოგიით ან სხვა საკითხებით, რომლებზეც მუშაობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მეტად უნდა გავითვალისწინოთ ყოველი პერიოდის საჭიროება, თუ საზოგადოებისთვის წარმმართველი არის სოციალური და ეკონომიკური საკითხები, მეტმა ორგანიზაციამ უნდა იმუშაოს ამ თემებზე. ამ აქტუალურ თემებზე, ერთი მხრივ ორგანიზაციებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება, მეორე მხრივ, დონორებმა, რადგან როცა საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, მათი დახმარება მხოლოდ საერთაშორისო დონორების საშუალებით ხერხდება. იდეალური იქნებოდა, რომ ქვეყანაშიც იყვნენ ადგილობრივი დონორები, რომლებიც დააფინანსებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას. სწორედ ასეთ შემთხვევებში გაიზრდება საქველმოქმედო, სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული პროექტების რაოდენობა.

ქალბატონო ქეთი, თქვენი დაკვირვებით და შეხედულებით, რას მიაღწია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებამ?

ქეთი ხუციშვილი – სამოქალაქო საზოგადოებამ საქართველოში 90-იანი წლებიდან განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. 2003 წლამდე იგი ძალიან განვითარებული ჩანდა, თუმცა ეხლა ვხვდებით რომ ეს ნაწილობრივ ილუზია იყო და ესოდენ ძლიერი იგი სუსტი სახელმწიფო აპარატის ფონზე ჩანდა. ეს იყო გარკვეული ნიშა ინტელექტუალური ადამიანებისთვის და სწორედ აქ მოხდა ნიჭის, ინტელექტისა და აქტიურობის კონცენტრაცია. 2003 წელს სიტუაცია შეიცვალა – სამოქალაქო ლიდერების ნაწილი ხელისუფლებაში წავიდა, ნაწილი ოპოზიციაში, ცოტა მოგვიანებით, აგრეთვე აკადემიურ წრეებში. თავისთავად ეს დრამატული კი არა, ბუნებრივი პროცესია და ასეც უნდა მომხდარიყო. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტი ენერგია იყო დაგროვილი სამოქალაქო სექტორში და მოხდა მისი გადინება–გადანაწილება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ბევრი ჩვენი კოლეგა მივიდა, ხელისუფლებასთან ურთიერთობა არცთუ ადვილი აღმოჩნდა. განსაკუთრებით, „რევოლუციის" შემდეგ პირველ წლებში ხელისუფლების მხრიდან მიუღებლობა იყო კრიტიკის, რეკომენდაციების,  იყო დამოკიდებულება – „ჩვენ ყველაფერი ვიცით, თქვენი რჩევები არ გვჭირდება...." შესაბამისად, არ მოხდა სამოქალაქო სექტორში არსებული რესურსის გამოყენება. ბოლო წლებში ეს სიტუაცია გარკვეულად იცვლება, სამოქალაქო საზოგადოებაში მოვიდნენ ახალი ლიდერები ახალი იდეებით და  პრინციპებით.

სხვათა შორის, არც ერთი ქვეყნის ხელისუფლება არ არის კრიტიკის მისაღებად მზად, მაგრამ ბოლო წლებში ხელისუფლებას მაინც უწევს სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების გათვალისწინება, ხშირად არა, მაგრამ მაინც უწევს გარკვეული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და იმედი მაქვს ეს უფრო ხშირი იქნება. ბოლო წლებში სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოახერხეს, წინ წამოეწიათ ადამიანის უფლებათა დაცვის თემები და დაეცვათ კონკრეტული მოქალაქეების უფლებები, გამოევლინათ საკუთრების უფლების დარღვევები და წვლილი შეეტანათ მათ აღდგენაში, ხელი შეეწყოთ მედიის მესაკუთრეობის მეტი გამჭვირვალობისთვის, და სხვა. თუმცა ამ სფეროებშიც და სხვებშიც კიდევ ბევრია სამუშაო.

თქვენს მიერ დასმული საკითხების გარდა, რას ვერ მიაღწია სამოქალაქო საზოგადოებამ?

ქეთი ხუციშვილი – ჯერ ვერ მივაღწიეთ ისეთი სტაბილური საზოგადოების შექმნას, რომელიც შეძლებს კონფლიქტებისა და დრამატული ცვლილებების გარეშე  განვითარდეს, ვერ მოვახერხეთ რომ ხელისუფლების ცვლილება ხდებოდეს არჩევნების გზით მშვიდობიანად და დემოკრატიულად, მაშინ როცა არჩევნები და საარჩევნო გარემო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საქმეა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. თვითონ სამოქალაქო საზოგადოება სწორედ იმისთვის არის, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს მშვიდობიანი ცვლილებების, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების გზით. სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე მაშინ გამოჩნდება, როცა ამდაგვარი ცვლილებების უზრუნველყოფა მოხდება; არა იმ გზით, რომ სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიზირდეს და თავად იკისროს პოლიტიკური პარტიების როლი, არამედ მან უნდა შექმნას სივრცე, სადაც ყოველ ადამიანს ექნება საშუალება ერთი მხრივ, სიმპათია–ანთიპათიის გაცხადებისა, მეორე მხრივ, თავისი არჩევანის გაკეთებისა და რა თქმა უნდა, იმ ინტერესის გატარებისა, რომელიც მას აქვს.

რა გავლენას ახდენს დროის ფაქტორი ყოველივეზე? საკმარისი იყო დრო ამისთვის?

ქეთი ხუციშვილი – სამოქალაქო საზოგადოების თეორეტიკოსები ამბობენ, რომ თავისთავად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაც კი არ არის დემოკრატიის გარანტი, მაგრამ ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას თავისი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის დემოკრატიულ და მშვიდობიან განვითარებაში. ჩვენი ტიპის ორგანიზაცია ვერ შეძლებს პრინციპულად ბევრი რამის შეცვლას ქვეყანაში, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეიტანს წვლილს.

ჩვენთან არსებულ სიტუაციას თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, თუნდაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც დიდ პატივს ვცემთ, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება უფრო აქტიურია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები უფრო სერიოზულ როლს ასრულებენ – მათ შეუძლიათ წარმოაჩინონ და გამოიტანონ საჯაროდ პრობლემა და გადაწყვეტის გზებიც შესთავაზონ ხელისუფლებას. იმის თქმა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები როლს არ ასრულებენ, არასწორია, შეიძლება მათი საქმიანობის შედეგები ყოველთვის არ არის იდეალური, მაგრამ მათი როლი მნიშვნელოვანია.

ქალბატონო ქეთი რა უნდა გაკეთდეს მომავალში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის?

ქეთი ხუციშვილი – ჩემი აზრით, ბევრი რამ. ერთი მხრივ, დონორებსაც თავისი პასუხისმგებლობა აქვთ – მათ თავისი კონცეფციებიდან და თვალთახედვიდან გამომდინარე კი არ შეუწყონ ხელი ამა თუ იმ ტიპის პროექტების განხორციელებას, არამედ კარგად გაერკვნენ ქვეყნის საჭიროებებსა და ადგილობრივ სპეციფიკაში. უნდა ვაღიაროთ, რომ დონორები ხშირად შეიმუშავებენ თავის პრიორიტეტებს და  ძალაუნებურად საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც უწევთ აღნიშნული პრიორიტეტების მორგება. ყოველი ახალი სტრატეგია თუ კონცეფცია უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივ საჭიროებას, ამიტომ პროცესი ორმხრივი, ინტერაქტიული უნდა იყოს – ჩართული უნდა იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. თავად ორგანიზაციებმა კი მაქსიმალურად ფართოდ უნდა გაშალონ საზოგადოებათან ურთიერთობა, დააინტერესონ მოქალაქეები თავიანთი საქმიანობით და მეტად ჩართონ, მისცენ მოქალაქეებს აქტიურობის შესაძლებლობა. საქართველოში მოხალისეობის საკმაოდ დიდი პოტენციალია, რაც 2008 წლის ომის დროს  კარგად გამოჩნდა. თბილისში არ დარჩენილა ოჯახი, რომ დევნილებისთვის დახმარება არ გაეწია. ამ პოტენციალის გააქტიურება უნდა მოხდეს, თანაც ისე, რომ ადამიანმა თავისი საქმიანობის შედეგი დაინახოს. გარდა ამისა, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ ერთმანეთთან კოორდინირებული, კოალიციური მუშაობისთვის. როცა არის საერთო მიზანი, კოალიციის შექმნას ცალკეული ინტერესები, გრანტის მოპოვების სურვილი არ უნდა უშლიდეს ხელს. გასაგებია, რომ სფეროში დიდი კონკურენციაა, მაგრამ როცა ქვეყნისა და საზოგადოების საჭიროებაა, უნდა მოხერხდეს საკუთარი ინტერესების გვერდზე გადადება. ასევე მნიშვნელოვანია სექტორის დივერსიფიცირება, რაც ისედაც დაწყებულია – ორგანიზაციები მუშაობენ სოციალურ, ადამიანის უფლებებისა და სხვა სფეროების მიმართულებით. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. უნდა შეიქმნას ბევრი კვლევითი ორგანიზაცია, რადგან მათი მნივშვნელობა ქვეყნის მომავალი პოლიტიკის შემუშავებაში, სტრატეგიული კვლევების განსაზღვრაში დიდია. რაც მთავარია საზოგადოება უნდა იყოს ღია, გახსნილი, აქტიური და ჩართული ქვეყნის განვითარებაში, ამავე დროს მიმღები და ტოლერანტული უმცირესობისადმი. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს პრობლემაც დგას და ვერ ვიტყვი, რომ ბოლო წლებში უფრო მეტად არის იგი მოგვარებული. ანუ მიმღებლობა განსხვავებული ჯგუფებისადმი – ეს არის ის, რაც საზოგადოებას სჭირდება და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მეტად უნდა ემსახურებოდნენ ამ საკითხებს, რადგან ამის გარეშე, ჩვენ, როგორც სახელმწიფო ვეღარ განვითარდებით. ერთი მხრივ, უნდა მოხდეს უმრავლესობის აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს, თუ არ მოხდა ყველა ტიპის უმცირესობის ინტერესების გათვალისწინება და მათდამი ღიაობა, მომავლის ქვეყნად ვერ ვიქცევით. ამავე დროს, ყოველ მოცემულ მომენტში, საზოგადოება უნდა იყოს ის სივრცე, ინსტრუმენტი, სადაც კონფლიქტები დისკუსიით, მშვიდობიანი გზით მოგვარდება.

შეგიძლია გვითხრათ ის სამი მთავარი ღირებულება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება უნდა ატარებდეს, ეფუძნებოდეს...

ქეთი ხუციშვილი – სამოქალაქო საზოგადოება ლიბერალური ღირებულებების მატარებელი უნდა იყოს: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების და თავისუფალი განვითარების უპირატესობა და ტოლერანტობა.


 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org